არჩილ თალაკვაძე: მე ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით
პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი იყო“.
თალაკვაძის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” მიერ მიღებული მხარდაჭერა ლეგიტიმური იყო.
“მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ვინაიდან ამ არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით და საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა. ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში მიღებული მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა, იყო ნამდვილი, ლეგიტიმური, 7-თვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი, რაშიც ბატონი რიშის ჩართულობა, ასევე ჩვენი ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რათა მოლაპარაკებები დასრულებულიყო, ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. რასაკვირველია, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგი იყო ლეგიტიმური და ნამდვილი. მე პირადად ასე წავიკითხე ეს განცხადება”, – განაცხადა თალაკვაძემ.