ირაკლი ბერაია – კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელზე: იფლანგებოდა და ნიავდებოდა თავდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები წინა ხელისუფლების პირობებში
„ეს არის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი, თუ როგორ ხდებოდა ორგანიზებულად საქართველოს ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის დასუსტება, მისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მართლმსაჯულებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს.
„ეს არის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი, თუ როგორ ხდებოდა ორგანიზებულად საქართველოს ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის დასუსტება, მისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვა. ამ ყველაფრის ხარჯზე მდიდრდებოდნენ არაკეთილსინდისიერი მოხელეები და მინისტრები, ეს არავის შერჩება და ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე. მართლმსაჯულებას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.