ქოხი იაგალის ჩანჩქერთან და მისი ერთადერთი მაცხოვრებელი – ძალაუფლებისა და ქედმაღლობისგან შორს

იაგალის ჩანჩქერთან ახლოს, ტყეში პატარა ქოხი დგას. უკვე 20 წელზე მეტია, რაც იქ ედუარდი მარტო ცხოვრობს… ტელეფონის, ტელევიზორის, ინტერნეტისა და ელექტროენერგიის, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის გარეშე. საჭმელს ღუმელზე ამზადებს, ბალახეულის ჩაის მიირთმევს, სანთლის შუქზე კითხულობს, ხოლო დასალევ წყალს საკუთარი ხელით ამობურღული წყაროდან იღებს. მან დიდი ხანია გადაწყვიტა, გაეწყვიტა კავშირი ცივილიზაციასთან და ამბობს, რომ ტყეში თავს კარგად გრძნობს.

ედუარდმა გააზრებულად აირჩია ეს გზა – წარსულში მას ჰყავდა მეუღლე და შვილები, მაგრამ მოხდა რაღაც… ისინი გაშორდნენ ერთმანეთს და აღარ ურთიერთობენ. როგორც ედუარდი ამბობს, მათთან კონტაქტი გაწყვიტა, მაგრამ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

„როდესაც 60 წლის გავხდი, ვფიქრობდი, ნუთუ მთელი ცხოვრება მორბენალი ტარაკანივით უნდა გავატარო. გადავწყვიტე – გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე, რომ თანახმა ვარ ვუდარაჯო ტყის სახლს ან აგარაკს. ამ მომენტიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ახლომახლო აღმოჩნდა პატარა ნაკვეთი, რომელიც სახელწიფოს ეკუთვნოდა, სადაც ყოფილი პიონერთა ბანაკი ინგრეოდა და ყველაფერი ბუჩქებით იყო დაფარული“,- იხსენებს ედუარდი.

ნელ-ნელა მან ბუჩქნარები და სარეველა ამოძირკვა მიწიდან და კარტოფილი დათესა. ტყეში მასალის შეგროვება დაიწყო საკუთარი სახლის მშენებლობისთვის. სამი ან ოთხი წელი ის მხოლოდ მასალების შეგროვების პროცესში იყო მომავალი მშენებლობისთვის.

გამოვიდა, რომ მეორადი მასალისგან მოხუცმა კაცმა საკუთარი სახლი აიშენა, სადაც სრულფასოვანი საცხოვრებელი ფართია: სამზარეულო – ღუმელით, მაგიდით, რამდენიმე სკამითა და კარადით; ოთახი, სადაც ასევე დგას მაგიდა სკამებით და წიგნების კარადა; საძინებელი ოთახი საწოლით და კედლებზე ლურსმნები ტანსაცმლის ჩამოსაკიდებლად.

ახლოს ორი ნაგებობაა, სადაც ედუარდი სამშენებლო მასალებს და ზამთრის მარაგს ინახავს: კარტოფილს, კონსერვებს ქილაში და ბალახეულს. ბალახს ის ტყეში აგროვებს და ცხრა სახეობისგან შემდეგ ჩაის აყენებს.

„ნაყიდს არც ჩაის ვსვამ და არც ყავას“,- ამბობს ის.

კარტოფილიც თვითონ მოჰყავს, პამიდორიც… მაგიდაზე ადგილობრივი ვაშლი და მსხალი უწყვია, თუმცა ნაყიდი ვაშლი და ბანანიც აქვს.

ვინაიდან მაღაზია ახლოს არაა, ედუარდი იქ მხოლოდ კვირაში ერთხელ მიდის. ხანდახან მას იქამდე მისაღწევად და უკან დასაბრუნებლად ერთი კაცი ეხმარება ახლომდებარე დასახლებიდან. მიმდინარე მოვლენების გასაცნობად, ედუარდი 2-3 გაზეთს ყიდულობს, რომელთაც თავისუფალ დროს კითხულობს ხოლმე. ასევე ის ბევრ წიგნსაც ყიდულობს.

„პროდუქტებზე თვეში 100 ევროზე ცოტა მეტი მეხარჯება. ჩემი პენსია 200 ევროა, მაგრამ მე მყოფნის. მე არაფერს ზედმეტს არ ვყიდულობ. მადლიერი ვარ მთავრობის, რომ არ მეხებიან აქ და პენსიასაც მიხდიან“,- ამბობს ედუარდი.

ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ედუარდი ძალიან ცოტას ხარჯავს. იმას, რაც პენსიიდან რჩება, აგროვებს და თბილი ჩექმების ყიდვაც კი შეუძლია.

„ბევრი ფული მეხარჯება კბილების მკურნალობაში. ვაგროვებ, ვაგროვებ, მაგრამ ყოველთვის არ მყოფნის. ისე, ზოგადად, ავად იშვიათად ვხდები და წამლებიც არ მჭირდება.

ედუარდი თვლის, რომ ადამიანის მარტო ცხოვრება იდეალური ვარიანტია. საკუთარი თავისთვის საჭმლის მოყვანა არ აზიანებს ბუნებას და არ აბინძურებს მას, ასევე ელექტროენერგიისა და კანალიზაციის უქონლობა მხოლოდ კარგია ბუნებისთვის.

„ჩემი გზა ვიპოვე. მარტოობაში ბავშვობიდან კარგად ვგრძნობ თავს, თანაც ახლა შევძელი, ჩემი მარტოობა პოზიტიური გამეხადა.

თუკი გავიხსენებ, როგორი ვიყავი 20 წლის წინ, მაშინ ეს ორი სხვადასხვა ადამიანია. მარტოობა ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა შრომისუნარიანობა, სითამამე, დამოუკიდებლობა, მოთმინება. მარტოობა მატერიალური კეთილდღეობის, ძალაუფლების და ქედმაღლობის სურვილს აქრობს“, – ამბობს ედუარდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები