ბაჩა მგელაძე: შესაძლებელია, ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც
“კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, ჩვენ მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “მთავარი არხის” დირექტორთან ერთად, მკვლელობის სამიზნე შესაძლოა, სხვა ჟურნალისტიც იყოს.
„კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, ჩვენ მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და, შესაბამისად, მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა, არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია, ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძემ.