“საქმე გვაქვს სააკაშვილის სუს-ის მორიგ პროვოკაციასთან”- გიორგი ანდრიაძე სავარაუდო მოსმენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ფაილებზე
“როგორც დავინახეთ, საქმე გვაქვს სააკაშვილის სუს-ის მორიგ პროვოკაციასთან, რომელიც არაარგუმენტირებულად, არა ვიდეობით და დოკუმენტებით დადასტურებულად, რაღაც ინფორმაციას ავრცელებს”, – ამის შესახებ პატრიარქის მოადგილემ მეცნიერებათა აკადემიაში, გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან” საუბრისას განაცხადა.
ანდრიაძე სავარაუდო ფარული მიყურადების გზით სასულიერო პირების მოსმენის თაობაზე მედიაში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.
“ჩვენ ვიხილეთ საპატრიარქოს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელსაც ე.წ მღვდელი, ილია ჭიღლაძე და სხვები სუს-ის ჩანაწერებად ავრცელებენ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამაზე მოკვლევა დაიწყოს. ეს უბრალოდ ორღობის ჭორებია, რომელსაც არანაირი დოკუმენტაცია არ აქვს. სააკაშვილის სუს-ის ყოფილმა აგენტებმა ეს თვითონვე მისცეს ხელდან ხელში დღევანდელ მოქმედ აგენტებს, იგულისხმება პეტრე ცაავა, ილია ჭიღლაძე, ის ტელევიზიები, რომლებიც ამას ავრცელებენ. საზოგადოებისთვის არანაირი ვიდეო და დოკუმენტური მასალა ცნობილი არ არის და რაღაც ჩანაწერების და მიმოწერების საფუძველზე, რომელიც არ ვიციზ “ვორდის” თუ რისი ფაილია, ცილს სწამებენ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მათ ინტერესსა და გემოვნებაში არაა. თუმცა, ნამდვილად იცავენ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ამ მძიმე ცოდვაში არიან და მათ ნომრიან აგენტებს წარმოადგენენ. მათზე არაფერს ლაპარაკობენ. საპატრიარქომ თქვა, რომ თუ იქნება დოკუმენტური, დადასტურებული მასალა, მოკვლევა დაიწყება და ასეთ ადამიანებს განკვეთისაგან ვერავინ დაიცავს. მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქმე გვაქვს სააკაშვილის სუს-ის მორიგ პროვოკაციასთან, რომელიც არაარგუმენტირებულად, არა ვიდეობით და დოკუმენტებით დადასტურებულად, რაღაც ინფორმაციას ავრცელებს.
ხოლო საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირები, რომლებიც ამ მძიმე ცოდვაში არიან, დაისჯებიან”, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ “კვირასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაურკვეველი წარმომავლობის, გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია.
“მიმდინარე წლის სექტემბერში „სუს-ის მასალების“ გავრცელება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვასა და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
გაურკვეველი წარმომავლობის, გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამასთან, იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის ორმაგი სტანდარტიც.
“საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არცთუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, – ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის, შერჩევითობის პრინციპით.
მაგ. ადრინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ ეთერში არაფერი გაჟღერებულა თუნდაც იმ საუბრების შესახებ, სადაც მღვდელმთავრების დაპატიმრებასა და საპატრიარქოს შტურმით აღებაზეა საუბარი; ეს ხომ მეტად საგულისხმო ინფორმაციაა?!
ცნობილია, საეკლესიო სასჯელის დადება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს; ამიტომაც, აღნიშნული ფაილები, მათთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, გადაწყვეტილების მისაღებად გამოუყენებელია.
თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება.
გვინდა, ასევე, განვაცხადოთ: იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით.
ეკლესია, თავისთავად, ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. პირველ ყოვლისა, სწორედ ამის გამო, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების დროულად დასრულება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი, მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს როგორც სასულიერო, ისე, საერო პირთა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, ასევე, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მასალის გავრცელებაზე პასუხისმგებელნი”, – ნათქვამია განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე