დავით ზალკალიანი: საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, საქართველოს როლს რეგიონში

“საბერძნეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მკაფიო მხარდამჭერი როგორც ორმხრივი მიმართულებით, ისე, მრავალმხრივ ფორმატებში”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერმინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

მისივე თქმით, შეხვედრისას პრემიერმინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და ის შესაძლებლობები, რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებობს.

„რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერმინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს. ასევე, საუბარი იყო მომავალ პერსპექტივებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს საბერძნეთის მხრიდან, კერძოდ, მხედველობაში მაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება. პოტენციალი და ინტერესი მართლაც ძალიან დიდია.

შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, რომელიც ტრადიციულად არსებობდა და არსებობს საქართველოსა და საბერძნეთს შორის. იყო ძალიან თბილი, მეგობრული და უშუალო შეხვედრა. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველით მაღალი დონის ვიზიტებს როგორც საბერძნეთიდან საქართველოში, ისე საქართველოდან საბერძნეთში. კიდევ ერთხელ ერთხმად აღინიშნა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთმანეთის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორმატში და საბერძნეთი კვლავინდებურად იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ძალიან სერიოზული მხარდამჭერი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები