კახა კალაძე: ძალადობა და ქაოსი ისეთივე ვირუსია, როგორიც კოვიდი, რომლის ვაქცინა ერთადერთია – აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.

მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრაზე თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები საბურთალოს რაიონში მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და იმ გამოწვევებს განიხილავენ, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ დგას.

„კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას გიხდით ყველას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, რასაც ოთხი წლის განმავლობაში, მუდმივად ვგრძნობ. ჩვენ ერთად ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქალაქის მომავალზე. მინდა იცოდეთ, სწორედ თქვენი ჩართულობაა გადამწყვეტი ყველა პროექტის განხორციელების დროს. გპირდებით, ამ სიყვარულს აუცილებლად დაგიბრუნებთ კარგი საქმეებით, უფრო მეტი შრომით და ზრუნვით“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, დღეს მუხიანის დასახლებაში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც 230 აღსაზრდელს მიიღებს. თბილისის მერობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

„რადგან ბავშვების თემას შევეხე, გუშინ საკმაოდ ემოციური დღე გვქონდა – სხვა, 2 000-ზე მეტ ოჯახთან ერთად, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავეცით წლობით დაუკანონებელი ქონება ვასილ კაპანაძის მრავალშვილიან ოჯახს. ვასილ კაპანაძე 20 წელი ელოდებოდა ამ დღეს და სწორედ გუშინ მიიღო მან საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. კაპანაძეების ოჯახში იზრდება რვა შვილი, ერთმანეთზე ულამაზესი გოგო-ბიჭები. ბედნიერი ვარ, რომ მათ დღეიდან საკუთარი ჭერი აქვთ და მშობლებს შეუძლიათ, ბავშვების მომავალი მშვიდად დაგეგმონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა საცხოვრებელი ფართების დაკანონების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ სოციალური პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„უამრავი სპეკულაცია მესმის ბინების დაკანონების თემაზე – ხან ამომრჩევლის მოსყიდვას არქმევენ, ხან რას, ხან რას. არადა ეს პროგრამა მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება. მე პირადად, ჩემი ოთხწლიანი მერობის პერიოდის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმაჩნია ამ პრობლემის მოგვარება და ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, ჩვენი ძალისხმევით, ათასობით ოჯახის ბედი უკეთესობისკენ შეიცვალა. რა თქმა უნდა, პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ასევე, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ძალადობითა და ქაოსით უკან დაბრუნდეს.

„მეგობრებო, ყოველდღიურად გვიწევს კოვიდთან ბრძოლა. ამასთან ვხედავთ, როგორც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, უკან დაბრუნდეს ძალადობით და ქაოსით. ძალადობა და ქაოსი ისეთივე ვირუსია, როგორიც კოვიდი. ამ ძალადობის და ქაოსის ვაქცინა ერთადერთია – აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე და უარი უთხრათ ძალადობას და ქაოსს. დღეს არჩევანია სტაბილურობასა და ქაოსს შორის. ამიტომ, 2 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით თბილისის განვითარებას. ერთად ვუთხრათ უარი ქაოსს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი განვითარდეს და წინ წავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები