მიხეილ სარჯველაძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება შეიძლება, დესტრუქციულად განწყობილი ძალების მხრიდან ბოროტად იქნას გამოყენებული
“ასეთი განცხადება შეიძლება, წამახალისებელი აღმოჩნდეს დესტრუქციული ოპოზიციური ძალების პროვოკაციების გამრავლებისთვის”, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას, სადაც დმანისსა და რუსთავში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე საუბარი.
მისივე თქმით, საელჩოს განცხადება რისკის მატარებელია, რადგან ის შეიძლება, ბოროტად იქნას გამოყენებული.
“რაც შეეხება ამ განცხადებას, მე ვშიშობ, რომ იმ ფონზე, როცა ეს ინციდენტები გამოწვეული იყო ხშირ შემთხვევაში დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მხრიდან და პროვოკაციის ძალიან დიდი ეჭვები არსებობს, შეიძლება, ერთგვარად წამახალისებელი აღმოჩნდეს ასეთი ტიპის პროვოკაციების გამრავლებისთვის და ეს მართლაც ძალიან ცუდი იქნებოდა. მე დიდი იმედი მაქვს, ეს ამგვარად არ იქნება გამოყენებული, თუმცა, ამის ნიადაგს შეიძლება, იმ დესტრუქციული ძალებისთვის, ვინც განწყობილია ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად, რეალურად ქმნიდეს. უმჯობესია, რომ მეტი აქცენტი განცხადების ბოლო აბზაცზე გაგვეკეთებინა, რომელშიც ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებლობაზეა საუბარი, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ნებისმიერი სახის კონფლიქტის პროვოცირებას. საელჩოს განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, როგორი განწყობა ან სურვილებიც არ უნდა იყოს ამ განცხადების ავტორთა მხრიდან, ის საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება, ბოროტად იქნას გამოყენებული არაერთი დესტრუქციულად განწყობილი ძალის მხრიდან, ეს არის რისკი, რომელიც ამ განცხადებას შეიძლება, ახლდეს და სამწუხარო რეალობაა. შესაბამისად, უმჯობესია, აქცენტი ყველამ, მათ შორის, მედიამ გავაკეთოთ ბოლო აბზაცზე”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩოს განცხადების მიხედვით, ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.