მიხეილ სარჯველაძე – “ენკა”-ზე: კონსულტაციების ფარგლებში როგორიც იქნება მხარეების დამოკიდებულება, იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რა ბედი ელოდება ხელშეკრულებას
“წინასწარი გაფრთხილება იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს, მიზეზები გავარკვიოთ. ვფიქრობ, ამ პერიოდში გამოიკვეთება, რა არის სწორი, რა – არასწორი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ კომპანია „ენკა”-სთან ხელშეკრულებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა დისკუსია ინვესტორისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზეც.
„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სურვილი არსებობს, ერთი თვის შემდეგ მოხდება ხელშეკრულებიდან გასვლა. წინასწარი გაფრთხილება იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს, მიზეზები გავარკვიოთ. ვფიქრობ, ამ პერიოდში გამოიკვეთება, რა არის სწორი, რა – არასწორი. ხელშეკრულებას ისეთი მოცემულობა აქვს შექმნილი, რაზეც ვისურვებდით, ცოტა განსხვავებული ყოფილიყო. განსაკუთრებით იმას ვგულისხმობ, რომ საზოგადოებასთან მცირე დოზით წარმართული კომუნიკაცია აუცილებლად გამოსასწორებელია. ინვესტორისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზეც დისკუსია საჭიროა. ასევე, გამოითქვა წუხილი, რომ შეიძლება, ეს კარგად აისახოს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე. ესეც რეალობაა და ის ფაქტორია, რომელიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. ვერ გეტყვით, მოვლენები როგორ წარიმართება, მაგრამ კონსულტაციების ფარგლებში როგორი იქნება მხარეების დამოკიდებულება, ამის მიხედვით გადაწყდება, რა ბედი ელოდება ხელშეკრულებას. ჰიპოტეტურად, შეიძლება, ხელშეკრულების პირობები შეიცვალოს ან ძალაში დარჩეს, ამ შემთხვევაში, ვერსიების სიმრავლეა და პრეფერენციების გაკეთება არ შეიძლება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.