მიხეილ სარჯველაძე: კარგი იქნებოდა, ნიკა მელიას მონაწილეობა მიეღო დებატებში და საქმით დაედასტურებინა, თუ რამე ჰქონდა სათქმელი
“ადრე იყო დიდი ეჭვების აგორების მცდელობები, მიიღებს თუ არა კალაძე მონაწილეობას დებატებში. კალაძემ მიიღო მონაწილეობა დებატებში და მთავარი ოპოზიციური ძალის, როგორც თვითონ უწოდებენ თავს, ლიდერმა – არა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ თბილისის მერობის კანდიდატების დებატების დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, კარგი იქნებოდა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დებატებში მონაწილეობას მიიღებდა.
“ადრე იყო დიდი ეჭვების აგორების მცდელობები, მიიღებს თუ არა კალაძე მონაწილეობას დებატებში. მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან იყო ამაზე ეჭვები გამოთქმული. მერე ისე დამთავრდა ყველაფერი, რომ კალაძემ მიიღო მონაწილეობა დებატებში და მთავარი ოპოზიციური ძალის, როგორც თვითონ უწოდებენ თავს, ლიდერმა – არა. კარგი იქნებოდა, რომ მიეღო მონაწილეობა და საქმით დაედასტურებინა, თუ რამე სათქმელი ჰქონდა. მაგრამ, რეალურად, მსგავს ფორმატებში იშიფრება ხოლმე, ვის აქვს პოპულიზმი და აბსოლუტურად არაფრისმომცემი დაპირებები შემოთავაზებული საზოგადოებისთვის და, მეორე მხრივ, ვინ არის ორიენტირებული საქმესა და დედაქალაქის კეთილდღეობაზე“, – აღნიშნავს სარჯველაძე.