მეუფე სტეფანე – ფარულ ჩანაწერებზე: მეეჭვება, ეს სუს-ის ინფორმაცია იყოს, უფრო მგონია, რომ პარტიული ფაბრიკაციაა
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, სტეფანე კალაიჯიშვილი ჩანაწერებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, თავადაც ფიგურირებს, “ფაბრიკაციას” უწოდებს და კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენელთან ურთიერთობასაც არ ადასტურებს.
“სისულელეა, არც ასეთი თანამშრომელი არსებობს, არც ასეთი ცენტრი არსებობს. სუს-ი ასეთ იაღლიშებს, ასეთ შეცდომებს არ უშვებს. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, ეს სუს-ის ინფორმაცია იყოს, უფრო მგონია, რომ პარტიული ფაბრიკაციაა. ამ ხალხს, რომელიც ამათ ემსახურება პოლიტიკურ-ეკლესიურ ამბოხებაში, განვკვეთავ ბოლომდე, მათი ერისკაცობამდე დაყვანა მოხდება, ყველასი. ვინც დღეს მონაწილეობდა და ვინც კიდევ გაბედავს ასეთ რამეს, ყველას გაეცემა კანონიკური პასუხი”, – აცხადებს მიტროპოლიტი.
შეგახსნებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი სწორედ გავრცელებული ჩანაწერები გახდა. სასულიერო პირების ნაწილმა მიტროპოლიტს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა. ეპარქიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ადამიანები ეკლესიიდან განიკვეთებიან.