BBC: “თალიბმა” მებრძოლებმა პოლიციელი ქალი, რომელიც ორსულად იყო, ქმრისა და შვილების თვალწინ მოკლეს

BBC-ის ინფორმაციით, “თალიბმა” მებრძოლებმა პოლიციელი ქალი, ბანუ ნეგარი, რომელიც ორსულად იყო, ქმრისა და შვილების თვალწინ მოკლეს.

თვითმხილველების თქმით, მკვლელობის მიზეზი შურისძიება და ავღანეთის წინა ხელისუფლებასთან კავშირებია. ნაგარი წლების განმავლობაში ფიროკოჰის ციხეში მუშაობდა, სადაც ის ზედამხედველობას “თალიბებსაც” უწევდა.

“თალიბანი” სხვადასხვა მეთოდით აქტიურად ცდილობს, გამოავლინოს ის პიროვნებები, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ.

აღსანიშნავია, რომ “თალიბანის” წარმომადგენლობის თქმით, ყველა ის ავღანელი, ვინც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდა, შეწყალებული იქნება და მათ არ დასჯიან, თუმცა, ეს პირობა არ შესრულებულა და მათი დევნა ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, ოფიციალური “თალიბანი” ამ პროცესში ჩართულობას არ აღიარებს და მებრძოლების ქმედებებს “უკონტროლოს და თვითნებურს” უწოდებს.

“თალიბანის” სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის თქმით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა, მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობას “თალიბანი” არ იღებს.

“ინციდენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილია და გამოძიება დაწყებულია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ის “თალიბანს” არ მოუკლავს”, – თქვა მუჯაჰიდმა.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული პირები “თალიბი” მებრძოლები იყვნენ, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ ნეგარის მისამართი და ის შურისძიების მიზნით, დემონსტრაციულად, ოჯახის თვალწინ მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები