გრიგოლ გეგელია – “ცრუპენტელა პრემიერი ჩაიკარგა თავის ოცნებებსა და ტყუილებში”
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმიანება. მისი თქმით, მატყუარა პრემიერი საკუთარ ოცნებებში ჩაიკარგა – “ჩვენ არ მოვეშვებით და ყველა, მათ ტყუილს და შეუსრულებელ დაპირებას ბოლომდე ვამხელთ.”
პრემიერი ღარიბაშვილი დღეს მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ლელოს” ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელდა და წერდა, რომ პრემიერის მოყვანილი ციფრები გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
ღარიბაშვილის დღევანდელ შეფასებებს “ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ უპასუხა და პრემიერს დაუსრულებელი და წლობით გადადებული პროექტები გაახსენა – “ჯერ ერთი, 21,000 კილომეტრი ცენტრალური გზა ჩვენს ქვეყანაში არ არის. პრემიერი ორი დღეა შიდა სასოფლო გზებს ტრასებად და ავტობანებად ასაღებს. პრემიერად წოდებულ ბიძინას ტროლს ურჩევნია ისაუბროს იმ მსხვილ შეუსრულებელ პროექტებზე, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას და თითოეულ ქართველს.
“ქართული ოცნების” ლიდერებს მოუწევთ პასუხისგება საკუთარი ხალხისთვის ანაკლიის პროექტის ჩაგდების და ევროპული მომავლის ჩაკეტვისთვის. მათ მოუწევთ პასუხისგება თავისი უგუნურებით და არაპროფესიონალიზმით ამ ქვეყნისთვის მიყენებულ ვებერთელა ზარალზე, ყველა იმ შეუსრულებელ პროექტზე, რამაც ჩვენი ქვეყნის განვითარება სერიოზულად დახია უკან.
ოცნებებსა და ტყუილებში გახლართულ ე.წ. პრემიერს მინდა შევახსენო შეუსრულებელი პროექტების ნუსხა:
თბილისის შემოვლითი რკინიგზა – 2010
რკინგიზის თბილისი-მახინჯაურის მონაკვეთის მოდერნიზება – 2010
რკინიგზა ქუთაისის აერპორტამდე – 2017 წლის დაპირება.
რკინიგზა ანაკლიამდე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.
2017 წლიდან „სატესტო” რეჟიმშია ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთი, რომლის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 7 წლის თავზე ისევ დაუსრულებელია.
ზოგადად, შეიცვალა ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც, რომლის საერთო სიგრძე 390 კმ-ია. დაანონსებული 2020 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გახანგრძლივდა.” – აცხადებს გრიგოლ გეგელია