კახა კუჭავა: ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე და ყველა კარგად ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს
“ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე და ყველა კარგად ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების” ცაგერის მერობის კანდიდატის გიორგი ნემსაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“რამდენჯერაც არ უნდა ჩამოვიდე ულამაზეს ცაგერში, ყოველთვის იგრძნობა განსაკუთრებული სითბო და სტუმარ-მასპინლობა. უნიკალური და გამორჩეულია თავისი ისტორიული ძეგლებით.
ხვამლის მთა, დღემდე რჩება ყველასთვის ამოუცნობ სილამაზედ და საიდუმლოდ. ბევრი ტურისტი და ბევრი დაინტერესებული ადამიანი, მთაში სიარულის მოყვარულები დადიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ამ ადგილებში, ულამაზესი ხეებით და მღვიმეებით.
როდესაც ვსაუბრობთ მთაში სიარულის სიყვარულზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ულამაზესი სოფელი ლაილაში, რომელიც ამ ბოლო დროს გახდა პოპულარული. ბევრმა გადაიღო იქ სურათი, იმ ულამაზესი ხედებიდან, რომელიც იქ იშლება, თუმცა ბევრმა არ იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაილაშს ისტორიულად. ერთ-ერთი ყველაზე მეტად ეთნიკურად მრავალფეროვანი სოფელი, ძალიან მდიდარი, განვითარებული ვაჭრობით, რომელსაც ვთვლი, რომ კიდევ მეტი ტურისტის მოზიდვის შესაძლებლობა აქვს.
მთავარია, უნიკალური მიზიდულობის ცენტრები სწორად განვავითაროთ, როგორიცაა მაგალითად სოფელი ტვიში, საიდანაც მოდის უნიკალური ღვინო ,,ტვიში”.
,,უსახელაური” არ შეიძლება არ ვახსენოთ, როდესაც ლეჩხუმზე ვსაუბრობთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ღვინო, რომელიც საქართველოში და ამ კუთხეში მოდის.
ძალიან ბევრი პატარა ტბა, ჩანჩქერი, ნამდვილად შეიძლება გახდეს ყველასთვის საყვარელი ადგილი, რომ ესტუმროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი.
ძალიან ბევრი პატარა ოჯახური სასტუმრო გაიხსნა. რამდენჯერაც ჩამოვსულვარ, მინახავს ბევრი ტურისტი, განსაკუთრებით უცხოელები, რომლებიც ჩამოდიან და ცდილობენ დაათვალიერონ ჩვენი რეგიონები.
მაგრამ ეს არ არის ის ტემპი, რომელსაც ისურვებდა ეს რეგიონი და რომელსაც იმსახურებს ცაგერი და მთლიანად ლეჩხუმის მხარე. ხორციელდება გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ცაგერი და ცენტრის სახელი დაიმკვიდროს.
ასეთია საჩხერე-ონის გზა, ლენტეხი-უშგულის გზა, რომლის რეაბილიტაცია დაწყებულია და ასევე მალე დასრულდება. გზა საშუალებას მოგვცემს ლენტეხის გავლით ცაგერში, უშგულში და შემდეგ მესტიას ესტუმრო. ეს მთლიანად გამოაცოცხლებს ამ რეგიონს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის დიდი სპორტული ცენტრი, რომლის მშენებლობა აუცილებლად დასრულდება. უნდა ვისაუბროთ გამოწვევაზე, რომლის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ ავიცრათ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რადგან ეს არის ერთ-ერთი საშუალება ვიზრუნოთ არა მხოლოდ ჩვენს თავზე, ვიზრუნოთ ჩვენს ახლობლებზე და საყვარელ ადამიანებზე. მხოლოდ ასე შევძლებთ ერთიანი ძალისხმევით დავამარცხოთ პანდემია.
ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე და ყველა კარგად ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, რადგან გვაქვს კონკრეტული ხედვები, კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და რა შედეგი უნდა დავდოთ ოთხი შემდეგ.
წარმატებას ვუსურვებ სახელოვან სპორტსმენს და კანდიდატს, გიორგი ნემსაძეს და დარწმუნებული ვარ დამაჯერებლად გაიმარჯვებს”,- განაცხადა კუჭავამ.