ვატო შაქარიშვილი სოფელ დიღმის განვითარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის
საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
შაქარიშვილი გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე, ისევე როგორც მთელ სოფელ დიღომში, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. ,,2007 წლიდან სოფელი დიღომი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშია და სამწუხაროდ, დღემდე მოუწესრიგებელია გზები. ფაქტიბრივად, არ არსებობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები”, – აღნიშნავს შაქარიშვილი.
დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად სოფელი დიღმის მიზნიბრივი ფონდის შექმნის იდეა შესთავაზა, რომლის საშუალებითაც ინფრასტრუქტურის პროექტები დაფინანსდება.
,,სხვაგვარად წარმოუდგენლად მიმაჩნია საშუალო და თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში სრულად მოგვარდეს ინფრასტრუქტურის პრობლემები”, – აცხადებს დამოუკიდებელი კანდიდატი.
შედვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტებზე. მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელ დიღომში არსებული ოთხივე სამარშრუტო ხაზი მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით მოძრაობს. ,,მე ვუშუამდგომლებ მაცხოვრებლებს სატრანსპორტო სამსახურთან, რათა შეიცვალოს მარშრუტები და მოერგოს ხალხის საჭიროებებს”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.