კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები ამჯერად, გლდანის ხევისა და კონიაკის დასახლებაში გამართა
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, კონიაკის დასახლებაში იმყოფებოდა. შეხვედრაზე, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩაზე გაიმართა, თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს. აღინიშნა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის შესაბამისად, ამავე მისამართზე ავარიული აივნების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები ხორციელდება. გარდა ამისა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ იგეგმება სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია, ამავე ქუჩაზე არსებულ გამწვანების ზოლთან ერთად, სადაც ასევე, ველობილიკი მოეწყობა.
„გლდანში უამრავი პროექტი განხორციელდა, თუმცა რაიონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს. ჯერ კიდევ უამრავი ადგილია, სადაც ახალი სკვერის მოწყობა შეიძლება; უამრავია ისეთი ქუჩა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს და სადაც წყალარინების ქსელია მოსაწყობი; სადაც ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი. რა თქმა უნდა, გპირდებით, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან შრომა და მუშაობა არ გვეზარება. კონიაკის დასახლებაში ვიწყებთ ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცის მოწყობას, სადაც ველობილიკი და მწვანე სივრცე იქნება. ანალოგიური სივრცე მოეწყობა აქაც, როგორიც მოსკოვის გამზირზე გავაკეთეთ. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და ქალაქს ეს ყველაფერი ეტყობა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ პრობლემები მორჩა. ქალაქში პრობლემები და გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, რომელიც 20-30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ზოგმა მეტი გააკეთა, ზოგმა ნაკლები, მაგრამ გულწრფელად ვამბობ – რაც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ, ერთად ამდენი არავის გაუკეთებია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მოსახლეობასთან კიდევ ერთი შეხვედრა გლდანის ხევში გაიმართა. თბილისის მერობისა და გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე გლდანის ხევში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მაჟორიტარობის კანდიდატმა კი ადგილობრივებს არსებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება აღუთქვა.
„გლდანულა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული უბანია. დასახლება 16 კორპუსისგან შედგება და ჩვენ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს. ძალიან მეგობრული უბანია და მიხარია, რომ დედაქალაქის საკრებულოში ამ უბნის წარმომადგენელი ვიქნები. რაიონში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ამას თქვენთან ერთად, აუცილებლად შევძლებთ. პირადად მე, მეამაყება, რომ კახა კალაძის გუნდის წევრი მქვია და ზუსტად ვიცი, რომ ამით მომავალშიც ვიამაყებ“, – აღნიშნა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
გლდანის ხევთან არსებული სკვერი რეაბილიტირდა. სამუშაოები, დაახლოებით, 5 200 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. პროექტის შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა ღია სივრცის ჩოგბურთის მაგიდა. ასევე, მოეწყო სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.