ირაკლი ღარიბაშვილი: საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51-კილომეტრიანი გზა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარით ფინანსდება, მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, თბილისიდან ონში ადამიანი 3 საათში ჩამოვა

“ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ რაჭის რეგიონის მიმართულებით 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა 3 ათასზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტში; ეს არის რეალურად ის ხელშესახები პროექტები, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ – გზების მშენებლობა, მოწესრიგებულია თითქმის ყველა გზა, დავაგეთ გზები, რომლებიც მათ შორის კომუნისტების დროსაც კი არ იყო დაგებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის შესახებ, რომლის მშენებლობა 100 მილიონი ლარი ჯდება და მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. „ჩვენ ახლახან დავათვალიერეთ საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და თბილისიდან ონში ადამიანი 3 საათში ჩამოვა. ეს არის ის რეალური საქმეები, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. ეს არის 51-კილომეტრიანი გზა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი ლარი ჯდება და ამას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგებით არ ვართ კმაყოფილი და კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და უმუშევრობის, სიღარიბის დაძლევა, რომ არც ერთი ოჯახი არ იყოს სიღარიბეში და ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ არის დიდი გამოწვევა. ამიტომაც, მთავრობამ შეიმუშავა კარგად გააზრებული, დეტალური სამოქმედო გეგმა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. დღეს აქ გვესწრება ბატონი ლევან დავითაშვილი. მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულია გრძელვადიანი განვითარების ხედვა, გეგმა, თუ როგორ ავაღორძინოთ, რეალურად ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა ყველა რეგიონში. ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას. ყველა რეგიონსა და მუნი9ციპალიტეტზე იქნება მორგებული სოფლის მეურნეობის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც განხორციელდება და შექმნის დამატებით დოვლათს და სამუშაო ადგილებს. 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები