ირაკლი ღარიბაშვილი – 1-ელ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მართვაზე და ამ 8-წლიანმა პერიოდმა აჩვენა, როგორ შეიძლება, მშვიდად და სტაბილურად მართო შენი ქვეყანა და იზრუნო შენს მოსახლეობაზე
ჩვენ უკვე 9 წელია, ერთად მოვდივართ და ამ პერიოდში 7 არჩევნები ჩავატარეთ და ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს თქვენი დამსახურებაა, „ქართული ოცნების” და ჩვენი ხალხის დამსახურებაა ის, რომ ჩვენმა ძალამ გაიმარჯვა 7 არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი იქნა მიღწეული. „მინდა, გავიხსენო 1-ლი ოქტომბერი, ისტორიული გამარჯვება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა.
კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, როგორი ქვეყანა ჩავიბარეთ, დღეს სად ვართ და სად გვინდა, ვიყოთ ხვალინდელ დღეს. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. საკმაოდ ხელშესახები პროგრესი გვქონდა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, კულტურა, სპორტი, განათლება, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ მიღწეული შედეგებით არ ვართ კმაყოფილი. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, გავაათმაგოთ ჩვენი ენერგია, ტემპები და კიდევ მეტი გავუკეთოთ ჩვენს ხალხს.
„ქართულმა ოცნებამ” თავისი საქმითა და ხელწერით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და დემოკრატიულ მართვაზე. სწორედ ამ 8-წლიანმა პერიოდმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება, მშვიდად და სტაბილურად მართო შენი ქვეყანა და იზრუნო შენს მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ისიც, რომ ოკუპაციის, მძიმე ეკონომიკური ვითარების და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის პირობებში, საკმაოდ რთულია ამ გამოწვევებთან გამკლავება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და გეგმა და ვიცით, რა და როგორ გავაკეთოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა გაიზარდოს ყველა იმ პროგრამის მასშტაბი, რომელიც დაწყებულია. „იქნება ეს „აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი”, „შეღავათიანი აგროკრედიტი” თუ უამრავი სხვა, რომლითაც ათასობით ბენეფიციარმა, ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ შექმნეს დოვლათი და ეს სიკეთე გადანაწილდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის.
სწორედ ამ მიზნით, სერიოზული პროექტები გვაქვს დაწყებული. 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2,5 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად. მხოლოდ ეს პროგრამა შექმნის დამატებით 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს. 1000-ზე მეტი საწარმოს დაფინანსებას გულისხმობს ეს პროგრამა. გვაქვს ამბიციური გეგმები ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 17 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ გზების კეთილმოწყობაში, მაგისტრალების მშენებლობაში. ამას გარდა, 9 მილიარდი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი იმისთვის, რომ არც ერთი ქალაქი და არც ერთი სოფელი არ დარჩეს ხარისხიანი წყლის გარეშე. წყალი 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და 3 ათასზე მეტ სოფელს არ მიეწოდება ხარისხიანი წყალი.
გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად დავაჩქარეთ და შევიყვანეთ გაზი. ისეთ სოფლებში დავაგეთ გზები, სადაც მანამდე, 30 წლის განმავლობაში არ დაგებულა. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზა დავაგეთ და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ყველა მუნიციპალიტეტში, იქნებოდა ეს საქალაქთაშორისო თუ სოფლის შიდა გზები”, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საკმარისი არ არის და კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს, რადგან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ეკონომიკური განვითარება. „უნდა დავაჩქაროთ ტემპები, ათჯერ მეტი უნდა გავაკეთოთ და რაც მთავარია, დასაქმება, დასაქმება, დასაქმება. რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, მთავრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ბიზნესის განვითარებას, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, საშუალო თუ მცირე ბიზნესი. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი და პრიორიტეტი სწორედ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.