დაპირისპირება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციაში – ანაკლიის მაჟორიტარი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

ანაკლიის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დათა შელია, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერი იყო ვინც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ოლქი მოიგო წელს არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

,,ჩემთვის დიდი პატივი იყო ოთხი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ანაკლიის მაჟორიტარი – დეპუტატი, თქვენთვის პირნათლად რომ მემსახურა მიუხედავად ყველაფრისა უფრო მეტის გაკეთება მინდოდა თითოეული თქვენთაგანისთვის და ანაკლიისთვის, რომელიც ბევრი რამ ვერ მივიყვანე ბოლომდე.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ობიექტური მიზეზების გამო უარს ვამბობ კენჭი ვიყარო ანაკლია, ერგეტა, ორულუ და დიდინეძის მაჟორიტარად. მე ბრძოლას არ შეწყვეტ ანაკლიის და ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ და სანამ შემეძლება, როგორც ყოველთვის შემდგომშიაც თქვენს გვერდით ვიქნები,” – წერს შელია.

„კვირას“ ინფორმაციით, დათა შელია პროპორციულ სიაშიც არ არის, რაზეც უარი თავად თქვა.
ამასთან, მას დაპირისპირება აქვს “ნაცმოძრაობის” მეორე ფრთასთან, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაია ხელმძღვანელობს.
დათა შელიას სურდა ფრაქციის თავმჯდომარეობის თანამდებობის დაკავება, მაგრამ ზუგდიდელმა “ნაციონალებმა” მხარი ბასილაიას დაუჭირეს.

ბასილაიას არჩევას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მას ავტოავარიაში დაღუპული ირაკლი გაწერელიას მეუღლემ ფატი შენგელიამ წითელი საღებავი შეასხა. გაწერელია 2020 წელს დაიღუპა. ის ენმ-ის წევრი იყო. მანამდე კი სუს-ის რეგიონალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. გარდაცვლილის მეუღლეს პროტესტი უყურადღებობამ გამოიწვია. ფატი შენგელია აღშფოთებული იყო, რომ სასამართლოზე სადაც ავტოავარიის დეტალები განიხილებოდა “ნაციონალებიდან” არავინ მისულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები