ირაკლი ქადაგიშვილი: “მესამე ძალაში“ ის ლიდერები არიან, რომლებიც მუდმივად ერთი პარტიიდან მეორეში გადადიოდნენ
„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მესამე ძალის შექმნის მცდელობა პირველი არ არის”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკური გაერთიანება “მესამე ძალის” შექმნის დაანონსებას, სადაც “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძეც იქნება.
მისი თქმით, “მესამე ძალაში“ ის ლიდერები არიან, რომლებიც მუდმივად ერთი პარტიიდან მეორეში გადადიოდნენ.
„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მესამე ძალის შექმნის მცდელობა პირველი არ არის. ფაქტობრივად, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ამის მცდელობა რამდენჯერმე იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმატებით ვერც ერთხელ ვერ დასრულდა. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინ ეს გაერთიანება მესამე ძალა ვერანაირად ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ არც შემადგენლობა, არც პოლიტიკური კურსი და არც სხვა პირობები არ გააჩნიათ, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ. ვფიქრობ, ეს არის უფრო სურვილის გაცხადება, ვიდრე რეალობა, რაც შეიძლება, ამ არჩევნებზე მივიღოთ. მესამე ძალა მართლა სიახლეს უნდა ნიშნავდეს, ამ შემთხვევაში, ის პოლიტიკური აქტორები გვყავს, ვინც იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” მკაფიოდ გამოხატული სახეები და ლიდერები, ასევე, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მუდმივად ერთი პოლიტიკური ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ. აქედან გამომდინარე, რაიმე სიახლეს როგორც ადამიანური, ასევე, პოლიტიკური სიახლის შეთავაზების თვალსაზრისით მოსახლეობა ვერ ხედავს ამ გადაჯგუფება-გადმოჯგუფებაში. ეს გაერთიანება მესამე ძალა ვერ იქნება და ამას ერთი თვის თავზე ვნახავთ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.