კახა კალაძე: ელიავას ბაზრობის პროექტი გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეებისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს
“მინდა, შევეხო ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოწესრიგებისა და განვითარების პროექტს, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება მერიისა და კერძო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, აღნიშნული ობიექტი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა, სადაც მრავალი მეწარმე ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა, მისი მოწყობა, ვიზუალი, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისსა და იმ სტანდარტებს, რომელიც სურს დედაქალაქის მოსახლეობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა მოლაპარაკებები აწარმოა ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შევიმუშავეთ. ეს იქნება ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე, კერძო სექტორი, ამ შემთხვევაში ტერიტორიის მესაკუთრეები თავად განახორციელებენ. ჩვენ ძირითადი კონცეფცია მათთან შეთანხმებით შევადგინეთ, გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულთან დავდეთ გეგმარების თაობაზე ხელშეკრულება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავებთ, გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეების და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს. მის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა, ეს იქნება საფუძველი ამ ტერიტორიის მოწესრიგებისა და სწორად განვითარების“, – განაცხადა კახა კალაძემ.