მამუკა მდინარაძე – „ფორმულას“ ჟურნალისტს: თუ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები გამართლდნენ, ეს შეიძლება, არ იყოს სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ ახლა მატყუებდეთ და გამამართლებელი განაჩენი არ იყოს დამდგარი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლოს გადასაწყვეტია, რა სასჯელს გამოუტანს ის ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ პირებს, თუმცა, ცუდია, როდესაც ჟურნალისტები სასამართლოს დისკრედიტაციის მიზნით არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

„მე არ ვიცი დეტალები და, რადგან თქვენს ინფორმაციას უნდა დავეყრდნო, არ შემიძლია, გავაკრიტიკო სასამართლო. თუ ეს პირები გამართლდნენ, ეს შეიძლება, არ იყოს სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ ახლა მატყუებდეთ და გამამართლებელი განაჩენი არ იყოს დამდგარი.

ამ შემთხვევაში, თქვენ ითხოვთ ისეთ რეპრესიებს, როგორიც „ნაცმოძრაობის“ დროს იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია და სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკას მაინც არ ვაპირებ. ზუსტად ერთი წუთის წინ „ფორმულას“ ჟურნალისტმა მითხრა, რომ ისინი გამართლდნენ, ახლა კი აღმოჩნდა, რომ დამნაშავედ ცნეს. თქვენ გაქვთ ინტერესი, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს. საკმარისია თუ არა 6 თვე, ეს არც მე შემიძლია, განვსაჯო და არც თქვენ, ეს არის სასამართლოს განსასჯელი. უბრალოდ, ძალიან ცუდია, რომ სუბიექტურად არასწორ ინფორმაციას მაწვდით“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ამ ვადის ამოწურვის გამო, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები