ეკატერინე ტიკარაძე: პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ სასკოლო სივრცეში სწავლება უსაფრთხო იყოს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ სასკოლო სივრცეში სწავლება უსაფრთხო იყოს.
მინისტრმა საუბრისას არასრულწლოვნებსა და ორსულებში კორონავირუსით ინფიცირებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ.
როგორც არასრულწლოვანებში, ასევე, ორსულებში ინფექციის მატება მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ივლისის დასაწყისში იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, დღეს ეს მაღალი მაჩვენებელი არასრულწლოვანებში არ ფიქსირდება. მიგვაჩნია, რომ ამას თავისი მიზეზი გააჩნია – მშობლების მეტად გააქტიურება და ბავშვებისთვის საჭირო ღონისძიებების დაცვა, რასაც ჰქვია სოციალური დისტანცია, ასევე, სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებისგან თავის არიდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.