ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, მათ მიერ, ყოველთვის საჯაროდ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის
“მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, მათ მიერ საჯაროდ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც აკავშირებს ორ მეგობარ სახელმწიფოს. ფართო სპექტრი საკითხების, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს, ვაჭრობას და ეკონომიკას, ზოგადად, ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები და როგორც უკრაინა, ასევე საქართველო, მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა და მეორეს მხრივ, გვაქვს ანალოგიური, იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე მინდა გამოვხატო მადლიერება და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, მათ მიერ, ყოველთვის საჯაროდ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.