ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი მაისში არსებულ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია.
მისივე თქმით, ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა.
„ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელი, როგორიც არის ინციდენტობა, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე გვქონდა მაისის ტალღის პიკზე, 17 მაისს და დაახლოებით 97%-ია იმისა, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკზე. აქტიურ შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 50 ათას გადასცილდა. საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს დაძაბულობის ზღვარზე, საჭიროა სულ უფრო მეტი აქტიურობა ორი მიმართულებით. ესენია – რეკომენდაციების დაცვა, დაემატა პირბადის ტარების სავალდებულოობა გარე სივრცეში, ყველგან, გარდა იმისა, თუ ვარჯიშობთ კუს ტბაზე ან ლისის ტბაზე. ასეთ შემთხვევაში არავინ მოგთხოვთ პირბადის ტარებას, თუ მარტო ბრძანდებით. განსაკუთებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში. აქაც რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები. მეორე მთავარი მიმართულება არის კიდევ უფრო მეტი აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.