ავღანეთში მიმდინარე პროცესები რეგიონში ბევრ საფრთხეს შექმნის – აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე.
მისი შეფასებით, ავღანეთში მიმდინარე პროცესები გამოიწვევს ამერიკის და ზოგადად დასავლეთის პოზიციების შესუსტებას არა მხოლოდ რეგიონში, მთელ მსოფლიოში.
“ავღანეთში მიმდინარე პროცესი უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს. მრავალი წლის მანძილზე მხარდაჭერილი და თითქოს აშენებული სახელმწიფოებრიობისა და შეიარაღებული ძალების პრაქტიკულად მომენტალური ჩამოშლა, ნათლად მეტყველებს აშშ-ს მიერ ამ ქვეყანაში თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე წარმოებული პოლიტიკის ფიასკოზე. ცხადია, რომ უზარმაზარი რესურსი არასწორად დაიხარჯა.
განსაკუთრებით მძიმე სურათს წარმოადგენს აშშ-ს სამხედრო ძალების უშუალოდ გასვლა. მიუხედავად ამ პროცესისთვის ხანგრძლივი მზადებისა, დღეს ისევ შორეული ვიეტნამის მსგავს სურათებს ვხედავთ. როგორც ირკვევა, არც თავად ამერიკელების უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი და არც მათთან კოლაბორაციაში მყოფი ავღანელების. ამ უკანასკნელთა მდგომარეობა საერთოდ კატასტროფიულია. ისინი პრაქტიკულად ბედის ანაბარა არიან მიტოვებულები და დაუნდობელი თალიბანის რისხვა ატყდებათ თავზე. ბუნებრივია, ეს არის უმძიმესი დარტყმა როგორც თავად პრეზიდენტ ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის, ასევე მთლიანად აშშ-ს რეპუტაციაზე.
ეს შეასუსტებს აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის პოზიციებს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. რეგიონში საფრთხეებმა განვითარებული მოვლენების შედეგად მკვეთრად იმატა. პირველ რიგში ეს საფრთხეები ემუქრება ცენტრალურ აზიას და შედეგად რუსეთს. ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გააქტიურება არა მხოლოდ შუა აზიაში, არამედ უფრო ფართოდაც, მათ შორის კავკასიაშიც. ბუნებრივია, ვერ დარჩებიან პასიურები სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, თურქეთი. ისლამური ფაქტორი მის საგარეო პოლიტიკაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო მისი დასავლეთზე პოლიტიკური დამოკიდებულების ხარისხი შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. შეუძლებელია ამან გავლენა არ მოახდინოს ჩვენზე, შესაბამისად, წინ რთული გამოწვევები გველის – აცხადებს ვაშაკიძე.