საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსები დასრულდა

ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) პროგრამის ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ ზაფხულის შუალედურ და საბაზისო კურსებს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები სამთო-ტექნიკურ მომზადებას, სამთო აღჭურვილობის შერჩევისა და მოხმარების წესებს, მთიან რელიეფზე გადაადგილებისას საჭირო უსაფრთხოების წესებს, ასევე, სამთო გადაადგილებისას დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზებას სწავლობდნენ.

სამთო მომზადების დასასრულ, კურსების გამოშვების ოფიციალური ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს სამთო სწავლების წარმატებით დასრულება საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცეპოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ მიულოცა.

მსმენელებს კურსების სერთიფიკატები, მათ შორის წარმატებულებს კი სამკერდე ნიშანები და ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

ზაფხულის შუალედური კურსი ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ქართველი, უკრაინელი და ჩეხი 17 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ზაფხულის საბაზისო კურსს კი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 37 იუნკერი სამი კვირის განმავლობაში გადიოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები