ძველთბილისური აბანოს ბოჰემა

უცნაურია, მაგრამ X-XV საუკუნეების ტფილისური აბანოების შესახებ ცნობები ჩვენამდე, ძირითადად, არა ქართველებისგან, არამედ უცხოელებისგან მოვიდა. ტფილისური აბანოებით მოხიბლულა მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფი ისთახარი, რომლის გადმოცემით, „ტფილისს აქვს თბილი წყლები, მსგავსად ტიბერიისა, უცეცხლოდ ცხელი“.

თითქმის ყველა მოგზაური, ვინც ფეოდალური ხანის ტფილისს ესტუმრა, აღტაცებული დარჩა ტფილისური აბანოებით. „ეს პირველი აბანოა დედამიწის ზურგზე“ – უთქვამს არაბ ისტორიკოსს, როდესაც სულთან იბნ დაუდის ცხელ წყაროზე აშენებული აბანო უნახავს ტფილისში. XII საუკუნის ტფილისში 40 აბანო ფუნქციონირებდა. მე -13 საუკუნეში მათი რაოდენობა 65 -მდე გაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ ტფილისის აბანოები საზოგადოებრივი დანიშნულების იყო, გარკვეული შეზღუდვები მაინც შეინიშნებოდა. აბანოთა დიდი ნაწილი მუსლიმანთათვის ყოფილა განკუთვნილი. იქ თურმე „ურწმუნო“ ქართველები, სომხები და იუდეველები ვერ შევიდოდნენ. ალ – ფაკირის გადმოცემით, ასეთი „ისმაილის აბანო“ ყოფილა.

ისტორიული წყაროების თანახმად, XVII – XVIII  საუკუნეში ცხელ წყალზე გამართულ აბანოებს ტფილისში მთელი უბანი ეჭირა, ამის გამო, ამ ადგილს „აბანოების უბანი“ ეწოდა. ტფილისში აბანოთი სარგებლობა თავადებისათვის ერთი მანეთი ღირებულა, აზნაურთათვის, ოფიცრებისა და ვაჭრებისათვის აბაზი, მდაბიოთათვის კი მომსახურება ორ შაურს შეადგენდა. 1850 წლის გეგმაზე აბანოთუბანში ექვსი აბანოა აღნიშნული. ესენია: ორბელიანის, სიონის, სუმბათოვის, მელიქოვის,ზუბალოვის, თამაშევის და მირზოევის აბანოები.

აბანოების შემოსავლიანობის შესახებ ბევრი საინტერესო ცნობაა დაცული ძველ საბუთებსა და აქტებში. ვხვდებით აგრეთვე იჯარით გაცემისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებსაც, ხშირი ყოფილა აბანოს გირაოთი გაცემა.

აბანოს შემოსავლიანობას უცხოელებიც აღნიშნავდნენ. ფრანგი მოგზაური ემილ ლევიე ტფილისის აბანოებში სტუმრობისას ამბობს: “დღეს წავედი აქაურ აბანოებში, საზოგადო აბანოში შესვლა ვერ გავბედეთ. ტიტველა ხალხი ჭიანჭველასავით ირეოდა“.

ტფილილისური აბანოებით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო, დრო კი – განუსაზღვრელი. ქალებისათვის აბანო კვირაში რამდენიმე დღე მუშაობდა. თუ ერთ დღეს კაცები დადიოდნენ, მეორე დღე ქალებს ეთმობოდათ.
LEQSIKONI_ERTAD.indb

აბანო ტფილისელი ქალებისათვის, განსაკუთრებით კი, დიდებული ქალბატონებისათვის, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჰიგიენის სახლი. ისინი თითქმის მთელ დღეს ატარებდნენ აბანოში და ფინჯან ჩაისთან ათასგვარ ჭორსა და სიმართლეს უზიარებდნენ ერთმანეთს. ქალებს იქ თავიანთი გამრთობი, აშუღი ჰყავდათ – გერაგერმიშაანთი უსინათლო მაია, რომელიც სიმღერებით ართობდა გასაპნილ და ინადადებულ ქალთა მარაქას.

ტფილისურ აბანოებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო სარძლოს შეთვალიერება – შერჩევა და მერე მისი „გასინჯვა“.

ყარაჩოხელებისათვის აბანო ბოჰემის შემადგენელი ნაწილი იყო. აბანოს გარეშე ქეიფი არაფრად მიაჩნდათ. ამიტომაც, სხვაგან დაწყებული  ქეიფი აუცილებლად აბანოში მთავრდებოდა.

აბანოში მეაბანოვე ანუ მექისე ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენდა. ტფილისელი მექისის ხელოვნებით მოხიბლული ალექსანდრე დიუმა დანანებით აღნიშნავდა: „როგორ მოხდა, რომ პარიზში, ამ გრძნობიერ სიტკბოებათა ქალაქში ჯერ არავინ შემოიღო სპარსული აბანო? ნუთუ ვერცერთმა საქმოსანმა ვერ გამოიწერა ტფილისიდან ორი მექისე? თან ფილანტროპულ მიზანს განახორციელებდა და რაც უფრო უეჭველია, აურაცხელ სიმდიდრეს დააგროვებდა“.
6249_1

არანაკლები შთაბეჭდილება მოუხდენია ტფილისში ჩამოსულ ალექსანდრე პუშკინზე თბილისის გოგირდის აბანოებს და მექისის მოქნილ ხელს. პუშკინი დეტალურად აღწერს უცხვირო მექისე „ჰასანას“ გასაოცარ ოსტატობას და „ქისის კეტებით“ დიდად მოხიბლული, სახეხ ქისას რუსულ „ცოცხზე“ მაღლა აყენებს. მოკლედ, აბანო იმდენად პოპულარული დაწესებულება ყოფილა ტფილისში, რომ აბანოში სახმარ ნივთებს გასათხოვარ ქალს მზითევში ატანდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები