კახაბერ ქემოკლიძე: იმისთვის, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს საჭიროა სწორად სტრუქტურირებული სტრატეგია

“13 წელი გავიდა 2008 წლის აგვიტოს ომის შემდეგ. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება და ეს ოკუპაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ თვითონ არ მოვინდომებთ ამ ოკუპაციის დასრულებას”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი – კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს.

„იმისთვის რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს საჭიროა სწორად სტრუქტურირებული სტრატეგია, ერთიანი სამთავრობო ხედვა, ერთიანი საზოგადოებრივი ხედვა ოკუპაციასთან დაკავშირებით. და ის სპეკულაციები, რაც აქამდე არსებობდა – „ვინ დაიწყო ომი, რომელ დღეს დაიწყო ომი” – ჩემი აზრით, უკიდურესად დამაზიანებელია –  კრიტიკულად  მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება – საქართველოს მოქალაქეები შეთანხმდნენ ისეთ ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის რუსული ოკუპაცია და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ვერავინ – ვერც დასავლეთი, ვერც აღმოსავლეთი და ვერც სამხრეთი ვერ დაასრულებს ოკუპაციას. ამიტომ ეს საქმე არის ჩვენი გასაკეთებელი და ჩვენი მოქალაქეების გასაკეთებელი, რომლებსაც სტკივათ საქართველოს ოკუპაცია”, – ამბობს ქემოკლიძე.

კახაბერ ქემოკლიძემ ეს კომენტარი მედიასთან დღეს სოფელ შინდისიდან გააკეთა. ქემოკლიძე შინდისში   პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე – გიორგი გახარიასთან, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე- გიგი ხოჯევანიშვილთან, მრჩეველთან გიორგი აბაშიშვილთან და პარტიის წევრებთან: კონსტანტინე ანანიაშვილთან, ქეთევან ბაკარაძესთან და რუსუდან ფუხაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

პარტია „საქართველოსთვის” წევრებმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„ჩემი აზრით ეს ადამიანები, შინდისის გმირები იმსახურებენ ყველაზე ძვირფასს თუ კი რამე არსებობს დედამიწის ზურგზე. რაც რამე არის გასაკეთებელი სახელმწიფოს მხრიდან, ადგილობრივების მხრიდან, სხვა მხრიდან – ეს არის ჩვენი ვალი და რაც მალე გაკეთდება მით უკეთესი იქნება ყველასთვის. ეს არის საქართველოს ღირსების საკითხი”, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები