კელი დეგნანი: ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია, დაინახონ, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აუქმებს ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას და ხსნის წვდომას ჰუმანიტარულ დერეფნებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.

დეგნანის თქმით, პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.

„ვფიქრობ, ქართველებს რუსეთისგან მსგავსი გზავნილი ადრეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, არის საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაყვანა. ეს იქნება იმის ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი და უბრალოდ დეზინფორმაციას არ ეწევა. ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აუქმებს ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას და დაუყოვნებლივ ხსნის წვდომას ჰუმანიტარული დერეფნებზე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის დიალოგის მექანიზმი და თუ რუსეთი გამოიყენებს ამ მექანიზმს უფრო ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, შესაძლოა, დავინახოთ მეტი პროგრესი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები