პაატა იმნაძე: შესაძლოა, აცრებზე ჯავშანი და სისტემის გადატვირთვა ხელოვნურად ხდებოდეს
„გასაკვირვებლად ბევრი ადგილი არის გაუქმებული აცრებზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ეჭვები, რომ შესაძლოა სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება ხელოვნურად ხდებოდეს.
“გასაკვირვებლად ბევრი ადგილი არის გაუქმებული აცრებზე. ვთქვათ „სინოფარმის“ გაუქმების შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაცას „ფაიზერი“ უფრო მოსწონს და მასზე გადაეწერა, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება.
ფაქტი ერთია – ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და არ გამოცხადდა. არ მესმის, ეს შიშს როგორ უნდა დააბრალო, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრო. თუ ადამიანებმა აცრის გაკეთება გადაწყვიტეს, გაუგებარია ეს როგორ მოხდა“, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე და აღნიშნულის მიზეზების შესწავლა მიმდინარეობს.