თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. თბილისის ათივე რაიონში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა. ღონისძიება თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მისთვის დიდი პატივია იყოს იმ გუნდის კანდიდატი, რომლის სწორი პოლიტიკითა და პრიორიტეტებით თბილისში დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი განხორციელდა.
„ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ყველა ის პროექტი, თუ რეფორმა, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისში განხორციელდა, კიდევ უფრო მასშტაბური და ხელშესახები გახდება ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის. გაგრძელდება ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლიდან დღემდე იკავებს.