დავით ბაქრაძე: ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია გახლავთ პარლამენტის დატოვება, თუმცა ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ
ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია გახლავთ პარლამენტის დატოვება, თუმცა ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა
მისი თქმით, ისედაც პოლარიზაციის და ძალადობის ჭაობში მყოფი ქვეყანა დადგა სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი, უმწვავესი საფრთხის წინაშე.
„ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ან ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება, მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს. ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, აუცილებელია ოპოზიციური ერთიანობა; აუცილებელია სრული თანხმობა ევროპელებთან და ამერიკელებთან, რათა მათ დაინახონ, რომ არასანდო და არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოს ჰყავს სანდო და პროდასავლური ოპოზიცია. ამიტომ, უმოკლეს ვადებში მექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობებ საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.