იაგო ხვიჩია – ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებზე: არ მოუცია არავის საფუძველი, რომ მხარი დაგვეჭირა
“მე სამუშაოდ ვიყავი განწყობილი. ველოდებოდი, რომ ვიღაც მოვიდოდა და დამელაპარაკებოდა – ამას ეს რატომ სჯობს”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხთან დაკავშირებით ჩავარდნილ კენჭისყრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატებისთვის მხარდაჭერის საფუძველი მათთვის არავის მიუცია.
„იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, 6 თვით ის დაენიშნა, ვინც უნდოდა, საერთოდ არ აწარმოა მთელი ის პროცესი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია მითითებული. მასში წერია, რომ ჩვენ უნდა გვემუშავა, რათა ეს კონსენსუსით ყოფილიყო. მე სამუშაოდ ვიყავი განწყობილი. ველოდებოდი, რომ ვიღაც მოვიდოდა და დამელაპარაკებოდა – ამას ეს რატომ სჯობს. არ მოუცია არავის საფუძველი, რომ მხარი დაგვეჭირა. მე ამ ადამიანებს კარგად არც კი ვიცნობდი. იმის იმედად არ ვართ, რომ აუცილებლად თავმჯდომარეს ვენდობოდეთ. უბრალოდ, ძალიან კარგი იქნებოდა, ზოგადად, არჩევნების შეფასების დროს ეს არგუმენტი არ ჰქონოდა არავის, რომ იცით, რა, თქვენ ასე აირჩიეთ თავმჯდომარე. ჩემთვის ძალიან გასაოცარი ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამის მისაღწევად ფორმალურადაც არაფერი გააკეთა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე დღეს ხელახლა გავიდა, თუმცა, კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.