კახა კუჭავა: 18 ივლისს პარლამენტის სხდომა დესტრუქციული ქმედებების გამო დახურულად გამოცხადდა, ვახტანგ გომელაურის მოწვევის სურვილი თუ იქნება, ამისთვის შესაბამისი პროცედურები არსებობს

“18 ივლისს პარლამენტის სხდომა დესტრუქციული ქმედებების გამო დახურულად გამოცხადდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ვახტანგ გომელაურის მოწვევის სურვილი თუ იქნება, ამისთვის შესაბამისი პროცედურები არსებობს.

„სხდომა მაშინ დახურულად გამოცხადდა. სამწუხაროდ, ამის მიზეზი იყო დესტრუქციული ქმედებები, ძალადობა, რომელსაც დარბაზში ვხედავდით და ეს მიღებული ფორმა არის ხოლმე. ბიუროზეც ვისაუბრეთ ამაზე და ცალკეც ვისაუბრეთ კოლეგებთან ერთად, თუ სურვილი იქნება მოიწვიოთ, ამის შესაბამისი პროცედურები არსებობს, კომიტეტის სხდომა იქნება, თუ კვლავ რიგგარეშე სესიის სხდომა. შეიძლება, მოსმენა თავიდან ჩაინიშნოს, რისი უფლება გაქვთ თქვენც და შესაძლოა, ეს საკითხი ხელმეორედ იქნას განხილული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის, ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები