მეუფე ნიკოლოზი: მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო, რომ გიორგი მამალაძეს უნდა მოეკლა პატრიარქი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობის მცდელობა დააბრალეს.
“მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს, მაგრამ იქ რაღაც სხვა ფაქტორებიც იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა. რაღაც უნდა გააკეთო, ყველა არ გამოდგება ასეთი ბრალდებისთვის, რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი, ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. დეკანოზი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.