დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი” და ,,ქუთაისის აეროპორტი”, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების, ა.ა.-სა და მ.მ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, არადეკლარირებული 560,53 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქის არადეკლარირებულმა საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13 814 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით ფულადი ჯარიმა – 13814 ლარი შეეფარდა, ხოლო ვინაიდან, საქართველოს მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 15 000 ლარზე მეტი შეადგინა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.