თამარ გაბუნია: QR-კოდზე იყო ერთადერთი შეფერხება, სხვა არცერთი მოქალაქე არ დაბრუნებულა და არ უთქვამს, როგორი ცნობა მოგვეცით, ვერავინ წაიკითხაო
“QR-კოდზე იყო ერთადერთი შეფერხება, ესეც სოციალური ქსელით გავიგეთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რამდენიმე ასეული ცნობა გასცა იმ პირებისთვის, ვისაც სჭირდებოდა მოგზაურობა სტანდარტული QR-კოდით, ბეჭდით და ორენოვანი. ჩვენთვის მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა გახდა ცნობილი, ესეც სოციალური ქსელით. სხვა დანარჩენი არცერთი მოქალაქე არ დაბრუნებულა და არ უთქვამს, როგორი ცნობა მოგვეცით, ვერავინ წაიკითხაო. ეს ერთი შემთხვევა არ ვიცი რასთან იყო საქმე, ტექნიკური ხარვეზი იყო თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების გაუმართაობა, ან ჩვენი მხრიდან, ან მათი მხრიდან. ყოველ შემთხვევაში ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. ჩვენ ისევ გავცემთ ცნობას QR-კოდით მოგზაურებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
კინომცოდნე გოგი გვახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „კანის კინოფესტივალზე შესასვლელთან ახალგაზრდა ქალმა ყურადღებით დამითვალიერა საბუთები, ყველა მხრიდან ატრიალა თავისი აპარატი, რომელიც QR კოდებს კითხულობს და ბოლოს გამომიცხადა: „პარდონ, მაგრამ ქართულ „ასტრაზენეკას“ ჩვენი სისტემა არ კითხულობს,”.