გიორგი ვაშაძე: არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ შარლ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა გაზრდიდა რისკებს ფინანსური სანქციების დაკისრებისთვის
“არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე და გაზრდიდა რისკებს ფინანსური სანქციების დაკისრებისთვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებით სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებისთვის.
„ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე და გაზრდიდა რისკებს საქართველოს ფინანსური სანქციების დაკისრებისთვის, რაც დადასტურდა ევროკომისიის განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯმა შესაძლოა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს. „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებით სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებისთვის“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ, ევროკომისიის პრესპიკერის განცხადებით, მოსამართლეების არჩევა ხელისუფლებისთვის დაკარგული შესაძლებლობაა სასამართლოს რეფორმის მიმართ ერთგულების დამტკიცებისთვის – ამ ნაბიჯმა შეიძლება, მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.