გიორგი ხელაშვილი: როდესაც სანქციებზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობაა პირველი, ვინც დასჯის დამნაშავეებს
“როდესაც სანქციებზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობაა პირველი, ვინც დასჯის დამნაშავეებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეაფასა.
მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების შესახებ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მოველოდით და ვიცოდით, რომ ამერიკელების მხრიდან ძირითადი წუხილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იქნებოდა, ასევე, უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით და მოწოდებები, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც ძალადობა ჩაიდინა. შესაბამისად, ეს არის სრულიად გასაგები. მან ასევე მოუწოდა პარტიებსა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც პასუხი იყო ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე. მან ზოგადად თქვა, რომ აშშ-ს თავის არსენალში ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რათა თავისი საგარეო მიზნები შეასრულოს. ამ შესაძლებლობებს შორის არის სანქციები. მას არანაირი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გამოიყენებენ რაიმე სახის სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებია. მეორე – გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან თქვა, ყველა, ვინც ძალადობაშია დამნაშავე, უნდა დაისაჯოს.
როდესაც ამ სანქციებზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობაა პირველი, ვინც დასჯის მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა ხელაშვილმა.