„უკვე ღიად ჩანს, რომ ამ ღონისძიების მთავარი მიზანი ევროინტეგრაციისათვის ზიანის მიყენება იყო“ – გიორგი ცუცქირიძე „ლგბტ პრაიდზე“
“უკვე ღიად ჩანს, რომ ამ ღონისძიების მთავარი მიზანი ევროინტეგრაციისათვის ზიანის მიყენება იყო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე „ლგბტ პრაიდთან“ დაკავშირებით აცხადებს.
როგორც ცუცქირიძე „ფეისბუქში“ წერს, პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პოლიტსუბიექტების ხელით დაიგეგმა ჯერ კიდევ მაშინ, როცა 15 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მხარდამჭერი დოკუმენტი გაფორმდა.
„ქვეყანაში ორდღიანი პოლიტიკური დაძაბულობისა და ექსცესების ფონზე, უკვე მერამდენედ ცხადად გამოჩნდა, თუ ვის ინტერესში არის დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა ქვეყანაში და, რეალურად, ვინ იდგა ამ პროცესების უკან.
როდესაც წინასწარ იცი, თუ რა რისკების მატარებელია ლგტბ კვირეულის ფარგლებში „პრაიდის“ მარშის ჩატარება რუსთაველის გამზირზე და ამას მაინც აკეთებ, თან “თავისუფლების და დემოკრატიის” სახელით, რეალურად კი საზოგადოების დიდი ნაწილის გამოსაწვევად, უნდა შეფასდეს ერთ დიდ პროვოკაციად! პროვოკაციად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პოლიტსუბიექტების ხელით დაიგეგმა, ჯერ კიდევ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მხარდამჭერი დოკუმენტის გაფორმებით 15 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ.
ხომ ისედაც ცხადი იყო, რომ, ყოველგვარი საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე, ამ ღონისძიებებს როგორი რეაქცია შეიძლება, მოყოლოდა, მით უმეტეს, მარშის სულაც რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართვას. ან რომელ ღირსების მარშზეა საუბარი, თუ ის ყველა შემთხვევაში, პოლიციის გაძლიერებული კორდონების დერეფნით უნდა შემდგარიყო, ეს ვანდალიზმი და ყოვლად გაუმართლებელი ძალადობა, რომც არ მომხდარიყო?!
უკვე ღიად ჩანს, რომ ამ ღონისძიების მთავარი მიზანი ევროინტეგრაციისათვის ზიანის მიყენება იყო!”, – წერს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, რადიკალების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხევა ევროკავშირის მხრიდან ქვეყნისათვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილებას საეჭვოდ დაემთხვა.
„ არც ე.წ რადიკალების მიერ, ევროკავშირის დროშის დემონსტრაციულად ჩამოხევაა შემთხვევითი და არც ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი მეტად საეჭვოდ დაემთხვა ევროკავშირის მხრიდან ქვეყნისათვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილებას.
სწორედ აღნიშნული დახმარების შეჩერება იყო ამ ერთი შეხედვით განსხვავებული ინტერესთა ჯგუფების საერთო მიზანიც, ეს რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჩანდეს და რუსული კვალიც აქ იკვეთება!.
კარგი კი ისაა, რომ დასავლეთმა გაშიფრა ამ პროცესის დროში დამთხვევის საეჭვო ხასიათი და არც მორიგი რუსული ტრიუკი არ “ჭამა”. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტიც ამის დასტურია. საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან მთლიანი მხარდაჭერა გამოუცხადა რა მართველ პარტიას, გააჟღერა უმნიშვნელივანესი გზავნილები ევროპიდან დახმარების გეგმაზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
ევროკომისარის მთავარი გზავნილი კი არის განაცხადი, რომ საქართველოს მიეცემა საშუალება რამდენიმე ეტაპს “გადაახტეს“ და პირდაპირ შეუერთდეს იმ ეტაპს, რაც ახლა არის ევროკავშირში. ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას, რაც უპრეცედენტოა თავისი მოცულობით და პანდემიამდე პერიოდის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედზე მეტია. დახმარების ეს პაკეტი მოიცავს 1 მილიარდ 175 მილიონი ევროს გრანტს, გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებთან ერთად.
ეს მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ ეხმიანება “ქართული ოცნების” ევროატლანტიკური კურსისადმი ურყეობას, ბოლო წლებში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის სტრატეგიაში უნდა განვიხილოთ. ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც პანდემიურ და ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე პერიოდში საერთაშორისო დახმარებების სახით მივიღეთ, საშუალება მოგვცა, ანტიკრიზისული ღონისძიებათა ერთიან გეგმაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, ეკონომიკა სწრაფად გამოსულიყო რეცესიული შოკიდან. ყველა შეფასებით ეკონომიკა წელს მინიმუმ 8 პროცენტით გაიზრდება, ხოლო ოპტიმისტური სცენარით, სულაც ორნიშნა ზრდაზე გავა და რაც არა თუ ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ეს კი, პირველ რიგში 400 ათასამდე სამუშაო ადგილის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს.
ნიშანდობლივია, რომ 3.9 მილიარდიანი ინვესტიცია, უახლოესი ხუთი წლის მანძილზე მოხმარდება როგორც მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებას, რაც დასაქმების წამყვანი კონტრიბუტორია, ასევე, ციფრული სერვისების განვითარებას. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყანა ჩაჯდება ევროკავშირის მწვანე კონცეფციაში, რაც ახალი ინვესტიციების და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ზრდის მძლავრი წინაპირობა გახდება“, – აცხადებს ცუცქირიძე.