ზურაბ ჯაფარიძე: გუშინ რაც მოხდა, ამ ქვეყნისთვის კატასტროფა იყო – თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ, დღეს, 20:00 საათზე გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით
“თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ – დღეს 20:00 საათზე გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით”, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისივე თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის კატასტროფაა.
“გუშინ რაც მოხდა, არაა მარტივი, პატარა ამბავი, რაზეც შეიძლება, თვალი დახუჭო. გუშინ რაც მოხდა, ამ ქვეყნისთვის კატასტროფა იყო, ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ესაა სიბნელე, რომელიც ამ ქვეყნის წინსვლას აფერხებს. სიბნელე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს კლავს. ყველგან ამ სიბნელეს შევეჯახე, როგორც კედელს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოგწონთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ბნელები, ზომბების მასა, რომელიც გამოზარდეს, რათა ასეთ დროს გამოიყენონ. თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ. დღეს, 20:00 საათზე გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით, არც მიტინგი იქნება არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი, არც მუსიკა, უბრალოდ, გამოდით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.