გიორგი ამილახვარი – გახარიაზე: გარდა „ნაცმოძრაობასთან“ თანხვედრებისა, სამწუხაროდ, რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი ვერ მოვისმინეთ

“გარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრებისა, სამწუხაროდ, რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი ვერ მოვისმინეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე გიორგი გახარიას პარტიის საოფისე ინფრასტრუქტურის მშენებლობაა.

„სამწუხაროდ, გახარია რაც დაბრუნდა პოლიტიკაში ოპოზიციურ ფლანგზე, მხოლოდ არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს, რომ მას დევნიან, უთვალთვალებენ და ა.შ. ჩვენ მას მოვუწოდებთ, მოიტანოს და დადოს ფაქტები ან დაანებოს არათანმიმდევრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავი და შემოგვთავაზოს მისი პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან, გარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრებისა, სამწუხაროდ, რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი ვერ მოვისმინეთ.

დადოს კონკრეტული ფაქტები, რას გულისხმობს, არ ვიცი. სამწუხაროდ, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს „ქართულ ოცნებაში”, ვიდრე გიორგი გახარიას პარტიის საოფისე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ამიტომ, ეს მათი შიდა პარტიული საქმეა. როგორც ჩანს, აქაც ხარვეზები აქვთ, ვერ ალაგებენ ურთიერთობას ტექნიკურ ნაწილში, ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისათვის, გიორგი გახარიამ დღეს მისი პარტიის წევრებზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ისინი საქმიანობას გააგრძელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები