“ის დრო დასრულდა, როცა ვიღაც თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მით უმეტეს, თამარ ჟვანიას გარანტირებულად ჰქონდა არჩეული ვადა და მას შეეძლო, ეს ბოლომდე გამოეყენებინა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თამარ ჟვანიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთი თანამდებობის პირის არჩევის პროცესი იყოს სრულიად ინკლუზიური, გამჭვირვალე და კითხვები არ დარჩეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მგონი, არც არავინ არის ამის წინააღმდეგი. პარლამენტში უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ის დრო დასრულდა, როცა ვიღაც თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მით უმეტეს, თამარ ჟვანიას გარანტირებულად ჰქონდა არჩეული ვადა და მას შეეძლო, ეს ბოლომდე გამოეყენებინა. თანამდებობიდან მის გადაყენებაზე საუბარი ზედმეტია. ძალიან სამწუხაროა, როცა უდანაშაულობის პრეზუმპცია ირღვევა, ხდება ბრალდებების წარდგენა, ტალახის სროლა და ადამიანის ბოლომდე განადგურება, ხოლო შემდეგ ვერ ამტკიცებ, რასაც ამბობდი და არ გაქვს არგუმენტები.
თამარ ჟვანიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო, არ მიკვირს. ვინც მას ბრალს სდებდა და არჩევნების გაყალბება ვერ დაადასტურეს, ვისურვებდი, რომ ღირსება ეყოთ, მივიდნენ და ბოდიში მოუხადონ, როცა მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.