გია ვოლსკი: სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტური დასკვნების გამკეთებელი

„ასეთი განცხადების ანალიზი არის ძალიან მძიმე”, – ასე ეხმაურება პარლამენტს პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვოლსკის თქმით, სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტური დასკვნების გამკეთებელი.

„ასეთი განცხადების ანალიზი არის ძალიან მძიმე, ჩემი მხრიდან მძიმედ შესაფასებელი, ვინაიდან რეფორმა, რომელიც ნებისმიერი მიმართულებით ჩატარდა, სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. რა რეკომენდაციებიც იყო დარჩენილი, ისიც ბოლომდეა მიყვანილი. სწორედ ჩართულობაზე უარის თქმა განაპირობებს შემდგომ დაპირისპირებებს, პოლიტიკურ პლატფორმებს შორის ანტაგონიზმის გაღრმავებას. სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტური დასკვნების გამკეთებელი. ვერანაირ დასკვნას ის ვერ გააკეთებს, თუ თავად არ მოუსმინა მოსამართლეობის კანდიდატებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები