მამუკა ხაზარაძე – პრემიერს: ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, სასწრაფოდ შეხვდით ინვესტორებს, შეაჩერეთ საერთაშორისო დავა და გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი

“ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში, ამიტომ, სასწრაფოდ შეხვდით ინვესტორებს, შეაჩერეთ ის საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონსა და ჟენევაში მიდის, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ამის შემდეგ ინვესტორებიც გამოჩნდებიან”, – ასე მიმართა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

ხაზარაძის თქმით, მისი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დღემდე დაყადაღებულია.

„ძალიან გული მწყდება, თქვენ, ბატონო ირაკლი, რომელიც მაშინაც პრემიერი იყავით, როცა ეს პროექტი დაიძრა, მეგონა, ცოტა ობიექტურად გამოხვიდოდით და იტყოდით რეალობას, რა მოხდა, თუნდაც ზრდილობის გულისთვის მაინც იტყოდით, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა ჩვენი, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არა მამუკასა და ბადრის წინააღმდეგ, მაგრამ მამუკასა და ბადრის გავლით, რადგან თქვენ ჩვენი ანგარიშები დააყადაღეთ და დღესაც დაყადაღებულია. იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ მოზიდული ათეულობით მილიონი დოლარი და რომელთაც უნდა დაეფინანსებინათ მიმდინარე ოპერაციები ანაკლიაში.

დაგვიყადაღეთ და დღესაც დაყადაღებულია ანგარიშები, მე უბრალოდ დათოს (კაჭარავა) მინდა, ვუთხრა, რომ, დათო, არაჩვეულებრივი სპორტსმენი ხარ. შენ რომ ხელები შეგიკრას ვინმემ და მოედანზე გაგიშვას, მითხარი, დადებ თუ არა ლელოს? აი, ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს. ამას დავუმატოთ ის ამბავი, რომ უპრეცედენტო კამპანია გააჩაღეთ და გამოგვაცხადეთ დამნაშავეებად, არც უდანაშაულობის პრეზუმფციაზე აიღეთ რაღაც ვალდებულება. სასამართლოშიც შევიტანეთ, მაგრამ არც ერთი სხდომა არ ჩაინიშნა საკვირველად. გავასაჩივრეთ ჩვენ ეს ბრალდება. ორი წელი გავიდა და საერთოდ არ ჩანიშნულა სასამართლო. ამიტომ, მოდით, ახლა გამოსავალს გეტყვით, ბატონო ირაკლი. თქვენ აქ ეკონომიკის მინისტრი გესწრებათ და სიმართლე გითხრათ, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც სულ ცდილობდა მაშინ, მაგრამ ახლა ვერ ცდილობს, რადგან არ გაქვთ პოლიტიკური ნება, რომ რაღაცა გამოსულიყო ამ პროექტიდან. მემგონი, მან უნდა გითხრათ თქვენ, რომ თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება, იქ ახალი ინვესტორი არ შემოვა, არა მარტო იმ პროექტში, არამედ საერთოდ არ შემოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ამიტომ, სასწრაფოდ შეხვდით ინვესტორებს, შეაჩერეთ ის საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონსა და ჟენევაში მიდის, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ამის შემდეგ ინვესტორებიც გამოჩნდებიან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები