შარლ მიშელის ფრაქციის წევრი, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ხარვეზებია, რაც ეწინააღმდეგება სამართლის ლოგიკას
ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტში ხარვეზებია, რაც ეწინააღმდეგება სამართლის ლოგიკას და ეს უნდა გასწორდეს. ამის შესახებ პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე საკითხი უნდა დაზუსტდეს და შემდეგ დაუჭერენ მხარს ცვლილებებს.
„ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ სამუშაო ჯგუფმა ძალიან დიდი და სერიოზული სამუშაო გასწია, მადლობა ამ ჯგუფს ამისთვის. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსის საკითხებს, ბევრი პოზიტიური მომენტია ასახული, ამის უარყოფა არ შეიძლება, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს ადამიანის ფაქტორიდან გამომდინარე რისკებს, ვგულისხმობ ტექნოლოგიურ ნაწილს და ასევე იმ დისბალანსის აღმოფხვრას, რომელიც იყო უბნის დონეზე ბევრ კომისიაში, როცა ფაქტიურად 12 წევრიდან 10 წევრი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“. ეს დისბალანსიც აღმოფხვრილი იქნება, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, რომ არის საკითხები, რომელიც არის პრობლემური.
ჩვენ ცხარე დებატები გვქონდა ამ საკითხებზე პირველი და მეორე მოსმენის დროს, ახლა ამ საკითხებს არ შევუდგები, მომხსენებელთან რამდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა და კიდევ ერთხელ შევახსენებ. პირველი საკითხი არის ოქმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული საკითხი, მართალია, შარლ მიშელის დოკუმენტში დაფიქსირებულია ეს ფორმულირება, რომ მხოლოდ ოლქის მიერ დანიშნული პროფესიული წევრების 2/3-ის ხელმოწერა უნდა იყოს, პლუს პარტიის წევრების, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება სამართლის ლოგიკას, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ეს არის აშკარა ხარვეზი და ეს უნდა გასწორდეს. ამ ჩანაწერით გამოდის, რომ თუ ოთხი წევრი არ უჭერს მხარს ჩვიდმეტი წევრიდან, პროფესიული ნიშნით არჩეული და ცამეტი წევრი თანახმაა, რომ ოქმი სამართლიანია, ოთხ წევრის ხელმოწერას უფრო მეტი იურიდიული ძალა, ვიდრე ცამეტ წევრის. ამას ვერ დაუშვებთ და ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გასწორდეს. მეორე საკითხი გუშინ დავაყენე, რომელიც ზღუდავს პარტიას რეგისტრაციის დროს აირჩიოს სახელი, თუ როგორ გამოვიდეს არჩევნების დროს, ეს არის 142-ე მუხლი და ამ ჩანაწერთან დაკავშირებითაც შეთანხმებული ვართ, რომ უნდა დაზუსტდეს. თუ დაზუსტდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.