ირაკლი ღარიბაშვილი: იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

„დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ამ ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება დაახლოებით 245 ათას მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა, 2020 წელი იყო ძალიან რთული და ეს სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს იყო და არის აუცილებელი რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება. მადლობას ვუხდი პარლამენტს, გვქონდა კომუნიკაცია მმართველ გუნდთან და ეს ინიციატივა უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები