ლევან იოსელიანი: საარჩევნო რეფორმა მინიმუმამდე დაიყვანს მანიპულაციის შესაძლებლობას
„საარჩევნო რეფორმას დღეს მეორე მოსმენით განვიხილავთ, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს მანიპულაციის შესაძლებლობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული თემის გარშემო ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.
„საარჩევნო რეფორმას დღეს მეორე მოსმენით განვიხილავთ, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს მანიპულაციის შესაძლებლობას. ყველაზე მთავარია, რომ საარჩევნო უბნების გადათვლის 10-პროცენტიანი ვალდებულება შემოდის. ასევე, ვაკეთებთ კანონმდებლობაში ჩანაწერს, რის მიხედვითაც დაშვებული იქნება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება არჩევნების პროცესში. ეს დააზღვევს „კარუსელებსა” და ასეთი ტიპის მანიპულაციებს. იქნება ჩანაწერები, რომლებიც ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას. გარდა ამისა, არის უამრავი სხვა ცვლილება, რაც საარჩევნო დღეს გახდის ბევრად გამჭვირვალეს. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდი რჩება გამოწვევად, რაც დაკავშირებულია მოსყიდვასთან, ზეწოლასთან. ყველა პრინციპულ საკითხზე არის შეთანხმება მიღწეული. შესაძლოა, არის მცირე საკითხები, რაზეც განსხვავებული აზრები არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.