რა შედეგი მოაქვს კოვიდ 19-ის ვაქცინების შერევას – ექიმის განმარტება

“სამწუხაროა საქართველოში ,,ასტრაზენეკას” დოზების დაგვიანება, თუმცა, ამ დროისთვის უკვე არსებობს ვაქცინების შერევის პრაქტიკა და კვლევის წინასწარი შედეგიც საიმედოდ გამოიყურება”, – ამის შესახებ ნიუ იორკის ,,მაიმონდის” ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, AstraZeneca-სა და Pfizer-ის შერევით უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობასაც ვარაუდობენ.

,,არ წყდება კითხვები ჩემს ,,ინბოქსში” ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით. ვადევნებ თვალს საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო გამომდინარე იქედან, როგორ მიდიოდა პროცესი დასაწყისიდანვე. ალბათ, ბევრს გაგახსენდებათ ჩემი პასუხი კითხვაზე, როდისაა AstraZeneca-ს მეორე დოზა რეკომენდირებული? ხშირად მითქვამს, კვლევებში ნაჩვენები იდეალური ინტერვალი 12 კვირაა თუმცა, გაითვალისწინეთ, საქართველოში ცხოვრობთ და სანამ ინტერვალს კვლევის მიხედვით შეარჩევთ დარწმუნდით, რომ იმ დროისთვის მეორე დოზა იქნება…

სამწუხაროა, რაც ახლა ხდება, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ამ დროისთვის უკვე არსებობს ვაქცინების შერევის პრაქტიკა რანდომიზირებულ კვლევაში და კვლევის წინასწარი შედეგიც საიმედოდ გამოიყურება. AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით, უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობასაც ვარაუდობენ.

მთავარია, ყველას გვესმოდეს პრევენციის წესების დაცვის აუცილებლობა. თუ ვერ ვისწავლით ამ ვირუსთან თანაცხოვრებას, უსაფრთხოების წესების დაცვით, სამწუხაროდ, მხოლოდ ვაქინაცია არ არის გამოსავალი. მუტაცია ვირუსს აძლევს საშუალებას თავი ნაწილობრივ მაინც დაიცვას ჩვენი იმუნიტეტისგან. მითუმეტეს იმ გარემოში სადაც 2%-ზე ნაკლებია აცრილი, უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. სახელმწიფოსთვის კი დღეში 20-30 ადამიანის სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკაა და არა ცალკეული ადამიანების ტრაგედია.

ნუ იქნებით ჩინივნიკების პასუხისმგებლობის იმედად.

პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებას,” – წერს ნანა გეგეჭკორი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები